Sunday, May 2, 2010

ღვთისმშობლის დიდებულებისა და სიწმინდის სიმაღლე ღრმა მორჩილების საფარველში ბრწყინავდა







გონება მისი, ღვთიურ საქმეებში, ფლობდა სიბრძნეს, რომელიც არავის კაცთაგან არ გააჩნდა და არც არავის ექნება მომავალში. აღზრდისა მისისათვის იგი შეფარებულ იქნა იერუსალიმის ტაძარში და რამდენიმე ხნის შემდეგ წმინდა წერილი ესმოდა ისე ცხადად და სწორად, რომ გაოცებაში მოჰყავდა გამოცდილი და დახელოვნებული სჯულმოძღვარიც კი. ღვთის დედის განსაკუთრებული გულისხმიერება გასაოცარია მით უფრო, რომ სიბრძნით ბევრად უსწრებდა ასაკს. ჯერ კიდევ სამი წლისას ესმოდა, რომ მის გარშემო ხდებოდა წმინდა და ღვთიური საიდუმლო, ხოლო ის, რომ მას ასე ადრე ჰქონდა მადლიანი ნიჭი ზეციურ ქვეყანასთან ურთიერთობისა და ღირს იქმნა ციურ მოქალაქეებთან საუბრისა, ყოველგვარ ჩვენს გულისხმიერებას.
ჩვენამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი სილამაზის აღწერა შემორჩენილია წმიდა თეოფანესა და ნიკიფორეს თხზულებებში. აი, რას ამბობენ ისინი: ის იყო საშუალო სიმაღლის, სახე ჰქონდა ხორბლისფერი, თმა ღია ქერა, ოდნავ ოქროსფერში რომ გადადის, თვალები ნათელი, სუფთა, დაწმენდილი, გამოხედვა სწრაფი, გამჭოლი, წარბები ოდნავ დაშვებული, მუქი ფერისა, ცხვირი საშუალო, ბაგეები ვარდისფერი და ტკბილმოუბარნი, სახე არც მთლად მრგვალი, ხელის თითები მოგრძო. მასში არ იყო არავითარი სიამაყე, ყველაფერში უბრალოება, ოდნავი მოჩვენებითობის გარეშეც კი. არავითარი განებივრება-გააზიზება, ყველაფერში სრული მორჩილება. ტანსაცმელს ატარებდა უბრალოს, უპირეტესობას ანიჭებდა ბუნებრივ ფერებს. ყოველ მის საქმეში ღვთიურად ანათებდა უხვი მადლი. ასეთი იყო გარეგნობით დედა ღვთისა.
ტანსაცმელი ყოველგვარი ფუფუნებისაგან თავისუფალი და მოკრძალებული ემოსა ღვთისმშობელს. ნაბიჯი დიდებული და მტკიცე ჰქონდა, მზერა – სერიოზული და საამო, საუბარი – მშვიდი, რომელიც უბოროტო გულიდან მოდიოდა, ურთიერთობა – ბუნებრივი და უბრალო. ღვთაებრივი სულის მთელი მშვენიერება მის სხეულზე იყო აღბეჭდილი. მაგრამ გარეგნული სილამაზე წარმოადგენდა მხოლოდ გამჭვირვალე საფარველს, რომელშიც მისი გონებისა და სულის უხრწნელი მშვენიერება ბრწყინავდა. ყოველ საქმეში იგი მოკრძალებულ დიდებულებასა და უმანკოებას ავლენდა. ის ამ ქვეყნად დედათა შორის უდიდებულესი და და უმშვენიერესი იყო. იმიტომ, რომ იგი იყო წმიდა ქალწული, მარტო სხეულით კი არა – სულითაც. რადგან მის სახეში თავმოყრილი იყო მადლის მთელი საუნჯე. ვიმეორებთ წმიდა მამათა სიტყვებს: „ ჭეშმარიტად, წმიდა ქალწულში მხოლოდ მისი სხეულის უხრწნელება და სიწმიდე კი არ განგვაცვიფრებს, არამედ სულის განსაკუთრებული სრულყოფილება”. ყველა მისი სურვილი ერთი მიზნისკენ იყო მიმართული. სიძულვილს მხოლოდ ცოდვისადმი განიცდიდა. ის გულით მშვიდი იყო, საუბარში კეთილგონიერი, ცოტას და მხოლოდ აუცილებელს ამბობდა, კითხვაში მონდომებული, ყოველთვის შრომისმოყვარე, ყველაზე მზრუნველი, იგი მსაჯულად ადამიანს კი არა ღმერთს თვლიდა. ღატაკთა და ტანჯულთა მიმართ მოწყალე, დახმარებაზე უარს არავის ეუბნებოდა. მისი უანგარო მორჩილება და ღმერთზე მინდობა, განუწყვეტელი ლოცვა, მძიმე განსაცდელთა უდრტვინელად დათმენა, ახლობლების მიმართ გულთბილობა თვით ზეციურ ძალებზე მაღლა აყენებდა. უფლის საყდრის წინაშე შიშითა და ძრწოლვით წარდგომილა ყველა, ისე როგორც სუსტ და უმწეო არსებას შეჰფერის დგომა ყოვლადძლიერი შემოქმედის წინაშე, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი უდიდესი დედობრივი კადნიერებით მიმართავს თავის ძეს და ღმერთს და ამიტომ მის ლოცვას დიდი ძალა აქვს. ყოველივე შეერთდა ყოვლადწმიდა ქალწულში, რათა ჩვენთვის – ცოდვილთათვის ცხადი გამხდარიყო, თუ სად უნდა ვეძებოთ შეწევნა და შუამდგომლობა. ის სულწმიდის ყოველგვარი ნიჭით იყო შემკული, მხოლოდ მას უგალობს ეკლესია: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო.”

No comments:

Post a Comment