Monday, May 3, 2010

ქიტონი-კვართი უფლისა



საინტერესოა რა ფერის იყო უფლის კვართი? გადმოცემის მიხედვით კვართი ლაჟვარდისფერი ყოფილა . კვართს უფლის დედამიწაზე ყოფნისას რამოდენიმეჯერ უცვლია ფერი . ფერისცვალებისას თაბორის მთაზე თოვლივით განსპეტაკდა. ხოლო გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე ტანჯული მაცხოვრის ჭრილობებიდან გამონაჟონი სისხლით იჟღინთებოდა.
,,განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ზედა განიგდეს წილი."ორ მცხეთელ ებრაელს ხვდა წილად კვართი უფლისა, ელიოზ მცზეთელს და ლონგინოზ კარსნელს. მცხეთაში დაბრუნებულ ელიოზს სიდონია ქალაქის კარიბჭესთან შეეგება.,,აჰა რომელსა იგი გსურდა,მიიღე კვართი მისი"–უთხრა ძმამ. სიდონიამ ტირილითა და გოდებით მოისმინა ძმისგან ჯვარცმის ამბავი,ცრემლიანმა ამოიკვნესა და სული განუტევა. ქალწული სიდონია და მის მკერდში ჩაკრული წმიდა კვართი უფლისა ერთად დაკრძალეს. ამ უდიდესი სიწმიდის გამო მცხეთა იწოდება,, მეორე იერუსალიმად."
არსებობს გადმოცემა რომ ქრისტეს მეორედ მოსვლისას, სიდონია კვართით ხელში მიეგებება მაცხოვარს.
პირველი მირონდენა საქართველოში
მცხეთაში ერთი კლდის თავზე მშვენიერი, სურნელოვანი, სასწაულთმოქმედი ხე იდგა. მისი ფოთლით ისარნაკრავი მომაკვდავი ნადირი იკურნებოდა.
ეს ის ადგილია სადაც დასვენებული იყო სიდონია უფლის კვართით  გულში ჩაკრული.

Sunday, May 2, 2010

,,ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა ბრწყინავდა, ვითარცა მზე,დიდებით და პატივით”






,,რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა


აწყურის ღვისმშობლის ხატით იქადაგა საქართველოში ანდრია  პირველწოდებულმა ქრისტიანობა. აქედან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია.ანდრიამ დაარსა პირველი საეპისკოპოსო კათედრა აწყურში. სწორედ ამიტომ საქართველოს წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას ეწოდება სამოციქულო და არის ავტოკეფალური ანუ დამოუკიდებელ

ქრისტესთვის სიკვდილის მაძიებელი

მეფეთა მეფე ახოვანი


ვახტანგ გორგასალი
(საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია)

მაცხოვრის საფლავის წინაშე მხურვალედ ლოცულობდა დიდებული მეფე ვახტანგი. ევედრებოდა ზეციურ მამას ქაერთველი ერისა და ეკლესიის  დამოუკიდებლობას. ჩვენი მხნე და დაუღალავი მეფე ერთსა და იმავე დროს ეკლესიებსა და მონასტრებს აშენებდა და სწავლის მოფენაზეც ზრუნავდა. ყოველს მონასტერთან, ეკლესიასთან მართავდა სკოლას, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო წერილს, საქართველოს ისტორიას და ზოგს უცხო ენასაცა. ამასთან, ცდილობდა, რომ ჩვენს ენაზე გადმოთარგმნილი ყოფილიყო უკეთესად და უნაკლოდ დაბადება, სახარება და ყველა საეკლესიო წიგნი.
დიდებული ტაძარი სვეტიცხოველისა მცხეთაში აგრეთვე აშენებულია ვახტანგის მიერ. დიდი მხნეობა, დაუღალავი შრომა და აუარებელი ხარჯი იყო საჭირო ტაძრის აშენებისათვის, და ყველა ამას სძლია ვახტანგმა და თავისი სიკვდილის შემდეგ საქართველოს დაუტოვა უდიდებულესი საღმრთო შენობა.
საქართველოში პირველ კათალიკოსად მეფე ვახტანგის ლოცვითა და ღვაწლით ხელდასხმულ იქნა პეტრე.
მეფის ორიენტაცია ასეთი იყო:მართლმადიდებელ საბერძნეთთან თანასწორუფლებიანი კავშირი, ქვეყნისა და ეკლესიის განუყოფლობა.
მეფემ შთამომავლობას ანდერძად დაუტოვა ,,ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს ...რათა წარუვალი დიდება მოიპოვოთ”
ქართული ეკლესიის ავტოკეფალია ერის დიდი ღირსებაა...
წმიდა გიორგი მთაწმინდელის ღვაწლი...
წმიდა გიორგი მთაწმინდელი დაიბადა 1009 წელს თრიალეთში, ღვთისმოსავი ქრისტიანების ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების იაკობისა და მარიამის ოჯახში.

შვიდ წლამდე გიორგი დედ-მამასთან იზრდებოდა. „და იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა“. 
ოცდახუთი წლისა ხახულის მონასტერში მივიდა და მონაზვნად აღიკვეცა.მალე გიორგიმ მონასტერი ფარულად დატოვა და გლახაკის ძონძებში გადაცმული იერუსალიმისაკენ გაემართა.გაჭირვე]ით მიაღწია შავ მთას , სადაც იმ დროს უამრავი ეკლესია-მონასტრები იყო. აქ შეხვდა ქართველ ბერს გიორგი დაყუდებულს და მას დაემოწაფა სამი წელი დაჰყო მასთან.მამა გიორგი დაყუდებულმა აკურთხა გიორგი მთაწმინდელი წასულიყო ათონის მთაზე და ბერძნულიდან ეთარგმნა ქართულად საღმრთო წიგნები.
მაგრამ წიგნების თარგმნის ნაცვლად ივერონის მონასტერში მძიმე სამუშაოს მიჰყო ხელი.ეს რომ მისმა მოძღვარმა გაიგო ათონის მთაზე მისი გამგზავრების მიზანი შეახსენა და საყვედურიც შეუთვალა .წმიდაგიორგი მთაწმიდელმა პატიება ითხოვა და მისი კურთხევა მოწიწებით მიიღო. ცოტახანში საძმოს წინამძღვარიც გახდა, კიდევ უფრო გააძლიერა ივერონის მონასტერი და ქართული სულიერების კულტურის მძლავრ კერად აქცია.
შურით აღცსილმა ბერძენმა ბერებმა ქართველ წმიდა მამას ანტიოქიის პატრიარქთან ცილი დასწამეს:ჩვენ არ ვიცით რა სარწმუნოება აქვს და თავს ქართველს უწოდებსო.
პატრიარქმა დაიბარა ბერძნულად ბრწყინვალედ მოლაპარაკე მამა გიორგი მთაწმინდელი,ისეთი სიბძნით დაიცვა თავისი ქვეყანის ეკლესია და სარწმუნოება, რომ მსმენელები გააკვირვა.
ანტიოქიის პატრიარქი საქართველოს ეკლესიის მორჩილებას ითხობდა და სწორედ მაშინ გამართულ ცხარე კამათში ბრწყინვალედ დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და უპასუხა:


 
.



...


თქვენ ამბობთ რომ პეტრეს ეკლესიას განვაგებო, ჩვენ კი ანდრია პირველწოდებულის, სწორედ ანდრიამ მოუწოდა პეტრეს,მის მიერ ვართ მოქცეულნი, მისივე სამწყსონი ვართ: ხოლო თორმეტ მოცოქულთაგან სვიმონ კანანელი და მატათა ჩვენს ქვეყანაშია დამარხული-აფხაზეთში და გონიოში. ამიტომ მოწოდებული მომწოდებულს უნდა დაემორჩილოს, პეტრეც ანდრიას უნდა დაემორჩილოს ე. ი. თქვენც ჩვენ უნდა დაგვემორჩილოთ.

ბოლოს კი დაუმატა;

-იყო დრო,როცა მთელს საბერძნეთში მართლმადიდებლობა აღარ იპოვებოდა  და იოანე გუთელი მცხეთას ეკურთხა ეპისკოპოსად.

ბრძნული პასუხით გაკვირვებულმა პატრიარქმა და სხვა მოდავეებმა აღიარეს საქართველოს ეკლესიის მოციქულეობრივი წარმოშობაც , ავტოკეფალიც და სარწმუნოებრივი სიწმიდეც.

ღვთისმოყვარე ბაგრატ მეფე სთხოვდა წმიდა მამას საქართველოში ჩამობრძანებას  სამოღვაწეოდ ,,როცა სრულქმნა თარგმანებაი საღმრთო წიგნების” ჩამოვიდა საქართველოში მოაწესრიგა სასულიერო ცხოვრება.

ამ დროს გავრცელდა ეკლესია-მონასტრებში გიორგი მთაწმინდელის ნათარგმნი წიგნები.

ხუთი წლის შემდეგ კვლავ ათონის მთაზე დაბრუნდა. ბაგრატ მეფემ დიდძალი შესაწირავითა და დიდი პატივით გააცილა.

წმინდა მამამ თან ოთხმოცი ობოლი ბავშვი წაიყვანა აღსაზრდელად.ამან დიდი შედეგი მოუტანა შემდგომში საქართველოს.

აქედან იეყება საფუძვლის მომზადება მომავალი დიდი და ძლიერი საქართველოსთვის...

კვლავ დაიწყო ბრძოლა საქართველოს

 სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისთვის

1906 წ. გაიმართა რუსეთის უწმიდესი სინოდის სხდომა, რომელმაც კატეგორიულად უარყო საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის აღდგენა.

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ 1917 წლის 12 მარტს (ახალი სტილით 25 მარტს) მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში გამოცხადდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის 

იმავე წლის სექტემბერში გაიმართა ავტოკეფალიააღდგენილი ეკლესიის პირველი საეკლესიო კრება, რომლემაც განიხილა საქართველოს ეკლესიისათვის უამრავი საჭირბოროტი საკითხი. არჩეული იქნა ეკლესიის მეთაური: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კი-რიონ II.არც საქართველოს მთავრობა იყო კეთილგანწყობილი ეკლესიის მიმართ. სოციალ-დემოკრატთა უშუალო ინიციატივით საქართველოში გაუქმდა საღვთო სჯულის სწავლება, იურიდიული საფუძველი გამოეცალა ჯვრისწერასა და ნათლობას. იყო სასულიერო პირთა დევნაც და შევიწროებაც. ამის ერთ-ერთი შემზარავი მაგალითია უწმიდესისა და უნეტარესის კირიონ II მკვლელობა. კირიონ კათალიკოსი, როგორც ცნობილია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით შერაცხილ იქნა წმიდათა დასში სახელდებით წმიდა მღვდელმოწამე კირიონი.

კირიონ II შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს მიტროპოლიტი ლეონიდე ოქროპირიძე - ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის დაუღალავი მებრძოლი. იგი 1921 წელს მოწამლული წყლით გარდაიცვალა. ამავე წელს, როგორც ცნობილია, საქართველო დაიპყრო და ძალით გაასაბჭოვა წითელმა რუსეთმა. ამ ძნელბედობის ჟამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია.

საბჭოთა მთავრობამ დაიწყო ეკლესია-მონასტრების ძარცვა-დარბევა და სამღვდელოებისა არნახული დევნა. შეურაცხყვეს და გაანადგურეს მრავალი სიწმიდე, დაანგრიეს ტაძრები, ეკლესიას ჩამოართვეს კუთვნილი ქონება და მიწა (6). დააპატიმრეს უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი და მას ბრალად 1921 წელს გენუის კონფერენციისადმი საბჭოთა მთავრობის მამხილებელი წერილის გაგზავნა წაუყენეს. სპეციალურად დაქირავებული კომკავშირელები საშინლად შეურაცხყოფდნენ კათალიკოსს, ხოლო იგი დიდსულოვნად იტანდა ყოველივეს და ლოცავდა შეურაცხმყოფელთ. სასამართლოზე გაისმა კათალიკოსის უკვდავი სიტყვები, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ მისი ცხოვრების მრწამსად: „სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული - სამშობლოს, ხორცი კი თქვენ, ჯალათებო, და რაც გინდათ უყავით მას.“ პატრიარქი 1924 წლამდე მეტეხის ციხეში იყო დატყვევებული. საპატიმროში ყოფნისას იგი დასნეულდა და 1927 წელს გარდაიცვალა. 1995 წელს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა წმიდათა დასში შერაცხა კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი სახელდებით წმ. ამბროსი აღმსარებელი.

შემდგომი კათოლიკოს-პატრიარქი იყო ქრისტეფორე ციცქიშვილი. მისი პატრიარქობის დროს განისაზღვრა ეკლესიის იურიდიული სტატუსი. საბჭოთა კანონმდებლობამ ყველა რელიგიურ მიმდინარეობას თანაბარი უფლებები მიანიჭა.

 ქრისტეფორეს მომდევნო პატრიარქი გახლდათ უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე III ცინცაძე. იგი 1932 წლიდან ოცი წლის მანძილზე განაგებდა საქართველოს ეკლესიას. მისი პატრიარქობის პერიოდში მრავალი სასიკეთო ძვრა მოხდა ეკლესიის სასარგებლოდ. უპირველესი კი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა რუსეთის ეკლესიის მიერ.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის იურიდიულად ცნობა დაკავშირებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ღვაწლთან. მისი უშუალო ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით დაიწყო მოლაპარაკებები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. მხარეებმა განიხილეს ისტორიული წყაროები, გადაისინჯა არქივები, შეგროვდა ცნობები. საბოლოოდ, 1990 წლის 4 მარტს, ქ. სტამბოლში, დიდმარხვის პირველ კვირა დღეს - მართლმადიდებლობის ზეიმზე ერთობლივი წირვა აღასრულეს კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა მისმა ღვთაებრივმა ყოვლადუწმიდესობამ დიმიტრიოს I და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II. წირვის შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა ჩვენს პატრიარქს გადასცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების დამადასტურებელი დოკუმენტები (8).

„უფალი მეფობს“ - ხშირად მოგვისმენია დავით მეფისა და მეფსალმუნის ეს სიტყვები ჩვენი პატრიარქისაგან. მართლაც, უფალი მეფობს და მისი შემწეობითა და ნებით ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე აიგო 400-მდე ტაძარი, იკურთხა ასეულობით ღვთისმსახური, მიმდინარეობს აღდგენა ძველი ქართული კანონიკური სამხმიანი გალობისა, განისაზღვრა ეკლესიის სტატუსი და მდგომარეობა სახელმწიფოსა და ეკლესიის კონსტიტუციური შეთანხმების სახით. ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია იმ დიდი საქმეებისა, რაც ხორციელდება ჩვენი პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით.
ეს დოკუმენტებია: „საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალური ცნობის და მტკიცების სიგელი“ (მიღ. 1990 წლის 25 იანვარს) და „საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურისთვის საპატრიარქო ტიტულის ცნობის და ბოძების საპატრიარქო სინოდალური განჩინება (მიღ. 1990 წლის 3 მარტს)

გამოყენებული წყარო(www.orthodoxy.ge)


 

ღვთისმშობლის დიდებულებისა და სიწმინდის სიმაღლე ღრმა მორჩილების საფარველში ბრწყინავდა







გონება მისი, ღვთიურ საქმეებში, ფლობდა სიბრძნეს, რომელიც არავის კაცთაგან არ გააჩნდა და არც არავის ექნება მომავალში. აღზრდისა მისისათვის იგი შეფარებულ იქნა იერუსალიმის ტაძარში და რამდენიმე ხნის შემდეგ წმინდა წერილი ესმოდა ისე ცხადად და სწორად, რომ გაოცებაში მოჰყავდა გამოცდილი და დახელოვნებული სჯულმოძღვარიც კი. ღვთის დედის განსაკუთრებული გულისხმიერება გასაოცარია მით უფრო, რომ სიბრძნით ბევრად უსწრებდა ასაკს. ჯერ კიდევ სამი წლისას ესმოდა, რომ მის გარშემო ხდებოდა წმინდა და ღვთიური საიდუმლო, ხოლო ის, რომ მას ასე ადრე ჰქონდა მადლიანი ნიჭი ზეციურ ქვეყანასთან ურთიერთობისა და ღირს იქმნა ციურ მოქალაქეებთან საუბრისა, ყოველგვარ ჩვენს გულისხმიერებას.
ჩვენამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი სილამაზის აღწერა შემორჩენილია წმიდა თეოფანესა და ნიკიფორეს თხზულებებში. აი, რას ამბობენ ისინი: ის იყო საშუალო სიმაღლის, სახე ჰქონდა ხორბლისფერი, თმა ღია ქერა, ოდნავ ოქროსფერში რომ გადადის, თვალები ნათელი, სუფთა, დაწმენდილი, გამოხედვა სწრაფი, გამჭოლი, წარბები ოდნავ დაშვებული, მუქი ფერისა, ცხვირი საშუალო, ბაგეები ვარდისფერი და ტკბილმოუბარნი, სახე არც მთლად მრგვალი, ხელის თითები მოგრძო. მასში არ იყო არავითარი სიამაყე, ყველაფერში უბრალოება, ოდნავი მოჩვენებითობის გარეშეც კი. არავითარი განებივრება-გააზიზება, ყველაფერში სრული მორჩილება. ტანსაცმელს ატარებდა უბრალოს, უპირეტესობას ანიჭებდა ბუნებრივ ფერებს. ყოველ მის საქმეში ღვთიურად ანათებდა უხვი მადლი. ასეთი იყო გარეგნობით დედა ღვთისა.
ტანსაცმელი ყოველგვარი ფუფუნებისაგან თავისუფალი და მოკრძალებული ემოსა ღვთისმშობელს. ნაბიჯი დიდებული და მტკიცე ჰქონდა, მზერა – სერიოზული და საამო, საუბარი – მშვიდი, რომელიც უბოროტო გულიდან მოდიოდა, ურთიერთობა – ბუნებრივი და უბრალო. ღვთაებრივი სულის მთელი მშვენიერება მის სხეულზე იყო აღბეჭდილი. მაგრამ გარეგნული სილამაზე წარმოადგენდა მხოლოდ გამჭვირვალე საფარველს, რომელშიც მისი გონებისა და სულის უხრწნელი მშვენიერება ბრწყინავდა. ყოველ საქმეში იგი მოკრძალებულ დიდებულებასა და უმანკოებას ავლენდა. ის ამ ქვეყნად დედათა შორის უდიდებულესი და და უმშვენიერესი იყო. იმიტომ, რომ იგი იყო წმიდა ქალწული, მარტო სხეულით კი არა – სულითაც. რადგან მის სახეში თავმოყრილი იყო მადლის მთელი საუნჯე. ვიმეორებთ წმიდა მამათა სიტყვებს: „ ჭეშმარიტად, წმიდა ქალწულში მხოლოდ მისი სხეულის უხრწნელება და სიწმიდე კი არ განგვაცვიფრებს, არამედ სულის განსაკუთრებული სრულყოფილება”. ყველა მისი სურვილი ერთი მიზნისკენ იყო მიმართული. სიძულვილს მხოლოდ ცოდვისადმი განიცდიდა. ის გულით მშვიდი იყო, საუბარში კეთილგონიერი, ცოტას და მხოლოდ აუცილებელს ამბობდა, კითხვაში მონდომებული, ყოველთვის შრომისმოყვარე, ყველაზე მზრუნველი, იგი მსაჯულად ადამიანს კი არა ღმერთს თვლიდა. ღატაკთა და ტანჯულთა მიმართ მოწყალე, დახმარებაზე უარს არავის ეუბნებოდა. მისი უანგარო მორჩილება და ღმერთზე მინდობა, განუწყვეტელი ლოცვა, მძიმე განსაცდელთა უდრტვინელად დათმენა, ახლობლების მიმართ გულთბილობა თვით ზეციურ ძალებზე მაღლა აყენებდა. უფლის საყდრის წინაშე შიშითა და ძრწოლვით წარდგომილა ყველა, ისე როგორც სუსტ და უმწეო არსებას შეჰფერის დგომა ყოვლადძლიერი შემოქმედის წინაშე, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი უდიდესი დედობრივი კადნიერებით მიმართავს თავის ძეს და ღმერთს და ამიტომ მის ლოცვას დიდი ძალა აქვს. ყოველივე შეერთდა ყოვლადწმიდა ქალწულში, რათა ჩვენთვის – ცოდვილთათვის ცხადი გამხდარიყო, თუ სად უნდა ვეძებოთ შეწევნა და შუამდგომლობა. ის სულწმიდის ყოველგვარი ნიჭით იყო შემკული, მხოლოდ მას უგალობს ეკლესია: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო.”

პატრიარქის ფოტოები

 

„ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს“

.1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: ღვთის განგებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“, - ბრძანა საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა.


1990 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალია.



უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული, გამოდის საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, საეკლესიო კალენდრები, საღვთისმეტყველო წიგნები
კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხსნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. ცნობისათვის: 25 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 25 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-მდეა. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო.
რა იქნებოდა საქართველო წმიდა ნინოს, ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის, დავითისა და კონსტანტინეს, კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ I, ეფრემ ფილოსოფოსის, პეტრე იბერის, იოანე პეტრიწის და მრავალთა სხვათა ღვაწლის გარეშე; ვის ეცოდინებოდა დღეს საქართველოს შესახებ, რომ არ გვყოლოდა ბექა ოპიზარი, ბერი დამიანე; წარმოუდგენელია საქართველო მსოფლიოში ტიხრულ-მინანქრული ხატების, სვეტიცხოვლის, ჯვარის, ბოლნისის სიონის გარეშე.

გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმიდა მიწაში, ნუ დაივიწყებთ, ვინ ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები

Saturday, May 1, 2010

სამება-ქართველი ერის სიმბოლო








ელიას მთაზე, როგორც ამას მთის სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ადრე წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია იყო აგებული. 1996 წლის 3 მარტს, მართლმდიდებლობის ზეიმზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ეპარქიათა მღვდელმთავრები, თბილისის ყველა ეკლესიის სამღვდელოება და მრევლი ჯვრებითა და ხატებით ფეხით გაემართა ელიას მთისკენ. მათ საძირკველში აღმართულ ჯვართან სანთელი დაანთეს და ჩააწყვეს ქვები.

უფალი ბრძანებს: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“. უწმიდესმა და უნეტარესმა შემდეგი სიტყვებით მიმართა მრევლს: „ჩვენი ერი ახალი ტაძრის აშენებით რწმენის ერთგულებასა და სიყვარულს ერთხელ კიდევ დაადასტურებს, მისმა მშენებლობამ იგი სულიერადაც უნდა გაამთლიანოს. მართალია, ზოგიერთის აზრით, იმ მატერიალური გასაჭირის გამო, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, ახალი ტაძრის მშენებლობა გაუმართლებლია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად ხშირი გასაჭირისა, ჩვენს ქვეყანაში ტაძრების მშენებლობა არასდროს შეწყვეტილა... ჩვენ დღეს უფრო სულიერად გვიჭირს, ვიდრე მატერიალურად, სამების ტაძრის აშენებამ სწორედ ამ სულიერი კრიზისის დაძლევას უნდა შეუწყოს ხელი“.

ტაძარი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისაგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. სამების ტაძარი შეიცავს მთავარანგელოზთა, იოანე ნათლისმცემლის, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, 12 მოციქულის, და ყოველთა წმიდანთა სახელობის ეკლესიებს. ესოდენ დიდი სიმაღლისა და ფართის ტაძარი საქართველოში ჯერ არ აშენებულა.  


თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II „ათასწლეულის მშენებლობა“ უწოდა.

აშენდა სამება ,როგორც სიმბოლო ქართველი ერის სულიერი ერთობისა და ჭეშმარიტი რწმენისა.



 
 

 

 


 
Posted by ხათუნა ბაღაშვილი at 11:42 PM 0 comment

 

ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია

  1. პროექტის სახელი:ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია
  2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:ქართული სამოციქულო ეკლესიის ისტორია.სასულიერო პირებისა და ქართველი მამულიშვილების ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ქვეყანაში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის განმტკიცებისათვის.
  3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან მაშინდელი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთა და ქართველ მამულიშვილთა(მაგ:კირიონ საძაგლიშვილის, ამბროსი ხელაიას,დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე ღვთისკაცის და სხვა.) მაშინდელ მოღვაწეთა ცხოვრებას.
  4. მონაწილეთა ასაკი:12-14წელი
  5. ვადები/ხანგრძლივობა:2თვე
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის მოძიება,კვლევა,ჯგუფური მუშაობა,სლაიდების ,ალბომებისა და კედლის გაზეთის გაკეთება,ინტერვიუები სასულიერო პირებთან, ისტორიკოსებთან და ხელოვნების მუშაკებთან.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნას ბლოგი, ელექტრონული ვერსია,მოეწყოს გამოფენა,გაკეთდეს სტენდი.
  8. სამუშაო ენა(ქართული)
  9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ საწავლო გეგმასთან კავშირი:(ისტორიასთან- გაეცნობიან მაშინდელისტორიულ პერიოდს,ქართულთან.ხელოვნებასთან, მუსიკასთან)
  10. პროექტის ფასილიტატორი:ხათუნა ბაღაშვილი
  11. ფასილიტატორის ელ. ფოსტა:bagashvili.xatuna@gmail.com